CENN-მა, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli” ფარგლებში ახალგაზრდებისათვის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თემატურ ბანაკს უმასპინძლა.
ბანაკში მონაწილეობის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 15-მა ახალგაზრდამ გაიღრმავა ცოდნა სასურსათო სისტემების, სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის, სასურსათო დანაკარგებისა და სასურსათო ნარჩენების, ნარჩენების მართვის შესახებ. ასევე, ახალგაზრდებმა მოინახულეს ვაშლის თანამედროვე ბაღი და გაეცნენ იმ ეტაპებს, რასაც ვაშლი გადის ფერმიდან ჩვენს სუფრამდე. გარდა ამისა, ახალგაზრდები შეხვდნენ სასურსათო სისტემების სხვადასხვა რგოლში ჩართულ მეწარმეებს (პირველადი წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია, საკონსულტაციო მომსახურება).
ახალგაზრდებმა იმსჯელეს, ბანაკის თემატური მიმართულებების ქვეშ, რა გამოწვევები და პრობლემები არსებობს მარნეულის მუნიციპალიტეტში და იმუშავეს გადაწყვეტის გზებზეც.
ბანაკი განხორციელდა „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“ – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.