2025 წლის 30 სექტემბერს თბილისში გაიმართა ალაზნის მულტიაქტორული პლატფორმის (MAP) დასკვნითი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდა 25-ზე მეტი დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი – ფერმერები, სამოქალაქო ორგანიზაციები, მკვლევრები და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნა სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით (I-CISK)” პროექტის შედეგები შეაჯამეს.



ალაზნის აუზი, რომელიც კახეთის რეგიონში მდებარეობს და სათავეებს კავკასიონის მთებიდან იღებს, ხასიათდება ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით. აუზში წყლის რესურსებზე მზარდი წნეხი ნალექისა და ნაკადულების მკვეთრი სეზონური ცვალებადობით არის განპირობებული, რაც დიდწილად თოვლის დნობასა და მყინვარებზეა დამოკიდებული. შედეგად, რეგიონისთვის ხშირია როგორც გვალვების განმეორებადი რისკები, ისე სეზონური წყალდიდობები. ამასთანავე, ალაზნის აუზი საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს – ის მოიცავს სოფლის მეურნეობას, სატყეო სექტორს, ენერგეტიკას (ჰიდროენერგია), წყალმომარაგებას, გარემოს დაცვას, ტურიზმს და სასმელი წყლის უსაფრთხოებას.
სწორედ ამ მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო, ალაზანი-იორის აუზი ერთ-ერთია იმ შვიდ ლაბორატორიას (Living Lab) შორის, სადაც I-CISK-მა ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად იმუშავა კლიმატური სერვისების შექმნაზე, გვალვის მონიტორინგსა და ჰიდროლოგიურ პროგნოზირებაზე აქცენტით. პროგნოზირების ხელსაწყო, რომელიც პროექტის ფარგლებში დაპილოტდა, ადგილობრივ ფერმერებს სანდო და მარტივად გამოსაყენებელი მონაცემებს სთავაზობს, რათა უკეთ დაგეგმონ თავიანთი მეურნეობები და ეფექტურად მართონ წყლის რესურსები.
დასკვნითი შეხვედრა, რომელიც CENN-ის ორგანიზებით და IHE Delft-თან თანამშრომლობით გაიმართა, მოიცავდა დისკუსიებს პროექტის შედეგებზე, მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკებზე და I-CISK-ის საქმიანობის გლობალურ პერსპექტივებზე ევროპასა და აფრიკაში. ამასთან, ალაზნის მულტიაქტორულმა ჯგუფმა წარმოაჩინა, თუ როგორ არის შესაძლებელი წყლის დეფიციტისა და სექტორული საჭიროებების გადაჭრა კლიმატური სერვისების ერთობლივი განვითარების გზით, რაც ალაზნის აუზის მდგრად მომავალს უზრუნველყოფს.
გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ: www.i-cisk.eu