CENN-მა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკის დანერგვის სურვილით საქართველოს მასშტაბით 20-მდე სკოლის 300 მოსწავლე გააერთიანა.
3 თვის განმავლობაში, მოსწავლეები თავიანთ სკოლებში პლასტმასის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებულ ინოვაციურ აქტივობებს გეგმავდნენ. თითოეულმა სკოლამ ჩაატარა აუდიტი და გამოიკვლია საკუთარი პლასტმასის ნაკვალევი, სკოლებში დაიდგა სეპარირების ყუთები და წყლის დისპენსერები, რამაც ყოველდღიურად პლასტმასის ერთჯერადი ბოთლების მოხმარება შეამცირა. პოლიეთილენის პარკები ჩანაცვლდა, მოსწავლეების მიერ შექმნილი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით კი მონაწილეებმა თემატური გამოფენები მოაწყვეს და ციფრული კამპანიები განახორციელეს.
დამოუკიდებელი ჟიურის შეფასებით, კონკურსის ბოლოს სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. მოხარულები ვართ, გაგაცნოთ SOS Plastic კონკურსის გამარჯვებული სკოლები, რომლებიც პიონერები გახდნენ პლასტმასის ნარჩენების შემცირებაში. ესენი არიან:
- ქალაქ თბილისის #169 საჯარო სკოლა
- ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის #9 საჯარო სკოლა
- ქალაქ თბილისის სკოლა „გენიოსი“
169-ე სკოლის გუნდის მოსწავლეების მიერ შეიქმნა აპლიკაციის პროტოტიპი, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია გამოთვალოს თავისი პლასტმასის ნაკვალევი.
გორის მეცხრე საჯარო სკოლის მიერ ჩატარებული კვლევებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კონკურსის დასასრულს, პლასტმასის მოხმარება თავდაპირველთან შედარებით 75%-ით იყო შემცირებული.
სკოლა “გენიოსის,, მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ხასიათის ვიდეოები, რომლის საშუალებითაც სკოლის მასშტაბით გაიზარდა დაინტერესება პლასტმასით დაბინძურების შესახებ და არაერთი მოხალისე ჩაერთო აღნიშნულ ინიციატივაში.
გამარჯვებულ სკოლებს ტექნიკის მაღაზიის 2,300 ლარიანი ფულადი ვაუჩერი გადაეცემათ. პროკრედიტ ბანკი კი თავის რჩეულ სკოლას დამატებით შენობის კედლის გაფორმებით დაასაჩუქრებს.
კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლებს ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები უტარდებოდა ნარჩენების სწორ მართვაზე. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ ინფორმაციას მდგრადი პრაქტიკების შესახებ და არაერთი იდეის განხორციელებაში მიეღოთ მონაწილეობა.
ვულოცავთ თითოეულ სკოლას კამპანიაში წარმატებით მონაწილეობას!
კონკურსი „SOS Plastic“ ჩატარდა CENN-ის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც UNDP-სა და ნორვეგიის უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება, დემოკრატია“ (LEAD) ხელშეწყობით ხორციელდება.