თანამედროვე მოგზაურისთვის მხოლოდ ლამაზი ბუნება საკმარისი აღარაა, დღეს ტურიზმის მთავარი ღირებულება ადგილობრივ კულტურასთან ინტეგრაცია და ავთენტური გამოცდილებაა. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტ „მწვანე გურიის“ ფარგლებში, რეგიონში განვითარდა აგრო-ტურისტული სივრცეები, სადაც ტრადიციული მეურნეობა საინტერესო თავგადასავლად იქცა. აქ დამსვენებელი აღარ არის მხოლოდ დამკვირვებელი – ის თავად ხდება პროცესის მონაწილე, რაც გურიის აგრო-პოტენციალს სრულიად ახალ საგანმანათლებლო და ტურისტულ დატვირთვას სძენს.
ნამდვილი ინტერაქტიული თავგადასავალი იწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში მდებარე „ჩაის მუზეუმში“. ლია მეგრელაძის ინოვაციური პროექტი, რომელიც ეკოსახლ „კომლის“ ბაზაზე განხორციელდა, დამსვენებლებს სთავაზობს ჩაის წარმოების სრულ პროცესში ჩართვას. სტუმრებს შეუძლიათ თავად დაკრიფონ ჩაი, დაესწრონ მომზადების მასტერკლასებს და შეისწავლონ ჩაის დაყენების ტრადიციული მეთოდები. ესაა შესაძლებლობა დამსვენებლისთვის, სრულად შეიგრძნოს რეგიონის უმთავრესი კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება.
ჩაის გზა გრძელდება სოფელ მელექედურში, სადაც „ტაბას“ სადეგუსტაციო სახლი დამსვენებლებს 1933 წელს გაშენებულ პლანტაციებში ეპატიჟება. ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ეს სივრცე აგრო-ტურიზმის საუკეთესო ნიმუშია: სტუმრებს შეუძლიათ ისეირნონ პლანტაციებში, დააკვირდნენ კრეფის ტექნოლოგიას და შემდეგ, მყუდრო გარემოში, დააგემოვნონ შვიდი სხვადასხვა დასახელების არომატული ჩაი. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც ტრადიციულ წარმოებას საინტერესო ტურისტულ მიმართულებად აქცევს.
გურიის აგრო-ტურისტული პოტენციალის სრულიად უნიკალური და გამაჯანსაღებელი მიმართულებაა ქეთევან გოგუაძის „აპისახლი“ ნატანებში. აქ ტრადიციული მეფუტკრეობა ინოვაციურ სერვისად იქცა – სტუმრებს საშუალება აქვთ, უშუალოდ გამოსცადონ აპითერაპიის ძალა: ისუნთქონ ფუტკრების მიერ ოზონირებული ჰაერი და შეიგრძნონ ის ბუნებრივი ვიბრაცია, რომელიც სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა. თუმცა, „აპისახლი“ მხოლოდ თერაპიული სივრცე არ არის, იგი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს. სპეციალური ვორქშოფების მეშვეობით დამსვენებლები იღებენ ცოდნას ეკოსისტემის დაცვასა და ფუტკრების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, რაც ამ სივრცეს მდგრადი აგრო-ტურიზმის საუკეთესო ნიმუშად აქცევს.
ევროკავშირისა და CENN-ის მიერ მხარდაჭერილი ეს ინიციატივები ადასტურებს, რომ გურია მზად არის მსოფლიოს შესთავაზოს მაღალი სტანდარტის, ინოვაციური აგრო-ტურიზმი. აქ ტრადიციული მეურნეობის გაცნობა, ბუნებაზე ზრუნვა და გამაჯანსაღებელი გამოცდილება ერთიან, შთამბეჭდავ თავგადასავლად იქცევა. რეგიონის აგრო პოტენციალის ამგვარი განვითარება ქმნის მდგრად საფუძველს ადგილობრივი თემის ეკონომიკური გაძლიერებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.















