განათლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური განვითარება, ევროკავშირისა და CENN-ის საერთო ღირებულებებიდან ერთ-ერთია. სწორედ ამიტომ, მომავალი თაობის მხარდაჭერა პროექტ „მწვანე გურიის“ მთავარ მიმართულებად იქცა. დღეს რეგიონში შექმნილი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები, პედაგოგებს სასწავლო პროცესის მრავალფეროვნების შენარჩუნებაში ეხმარება, მოსწავლეებს კი კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მომავლის პროფესიების აღმოჩენაში.
ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის N1 საჯარო სკოლამ, ჯუმბერ გიორგაძის ხელმძღვანელობით, ინოვაციური ვირტუალურ-რეალური ლაბორატორია შეიძინა. ეს პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, ქიმიისა და მათემატიკის ვირტუალურ ექსპერიმენტებს. ახალი რესურსი საგრძნობლად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. რაც მთავარია, ლაბორატორია ღიაა მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სხვა სკოლისთვის, რაც საგანმანათლებლო სიკეთეებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში, ნანა შარაძის ინიციატივით, თანამედროვე STEM ლაბორატორია მოეწყო, სადაც სწავლება პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება. მოწვეული ექსპერტის დახმარებით აქ პედაგოგები და ლიდერი მოსწავლეები გადამზადდებიან, რათა ახალი სასწავლო პროგრამა შეიმუშაონ. შექმნილი კლუბი, სადაც ოთხი ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდა, სკოლას ინოვაციების ცენტრად აქცევს და მოსწავლეებს ტექნოლოგიურ მომავალთან ინტეგრაციაში ეხმარება.
მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება მარიკა ცინცაძის პროექტი „კიურის ლაბორატორია“. ევროკავშირის მხარდაჭერით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სკოლებში სამეცნიერო ვორქშოპები და ქიმიური შოუები მოეწყო, მოსწავლეებს კი საჩუქრად სალაბორატორიო ინვენტარით დაკომპლექტებული სამეცნიერო ყუთები გადაეცათ. შეძენილი აღჭურვილობა ორგანიზაციას საშუალებას მისცემს, მომავალშიც დამოუკიდებლად განაგრძოს აქტივობები და მეცნიერება ახალგაზრდებისთვის მუდმივად მიმზიდველი გახადოს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლაში, თამთა ჯანხოთელის ინიციატივით, სპეციალური „ენის ლაბორატორია“ ამოქმედდა. სივრცის მიზანი სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლის ხელშეწყობაა. ლაბორატორიასთან ერთად სკოლაში შეიქმნა ასაკობრივი ბიბლიოთეკაც, რაც ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.
ევროკავშირისა და CENN-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ეს ინიციატივები დადასტურებაა იმისა, რომ სწორი ინვესტიციითა და ინოვაციური ხედვით, გურიის რეგიონში თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემა იქმნება, რაც მომავალი თაობებისთვის განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.














