გურიაში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ .
პროექტს 2022 წლიდან ორგანიზაცია CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ (YPU), დემოკრატიის ინსტიტუტი (IOD) და ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) – ერთად ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში 2024 წელს გამოცხადდა საგრანტო კონკურსი მთელი რეგიონისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა:
- ადგილობრივი თემების კეთილდღეობისა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას,
- ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციას,
- ინვესტიციების მოზიდვას,
- კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას,
- ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას,
- სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
საკონკურსო პერიოდს წინ უძღოდა დაინტერესებული მხარეების კონსულტირება როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. ასევე, საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებული პირისთვის ჩატარდა შესაბამისი თემატური ტრენინგები.
განმცხადებლებმა კონკურსის პირობებში შეფასების 4 ეტაპი გაიარეს, მათ შორის, კომისიის წევრებთან გასაუბრება და პროექტების ადგილზე გაცნობა. შეფასების კრიტერიუმები წინასწარ იყო განსაზღვრული კომისიის მიერ, რომელიც დაკომპლექტებული იყო პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების 10 წარმომადგენლით.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 342 საპროექტო განაცხადი რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან – ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური. მიღებული განაცხადებიდან შეირჩა და დაფინანსდა 50 პროექტი, რითაც სრულად ამოიწურა პროექტით განსაზღვრული საგრანტო კომპონენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი.
დაფინანსებული პროექტები ერთიანდებიან შემდეგ მიმართულებებში:
- სოფლის ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა: საოჯახო სასტუმროები, კოტეჯები, გურული ჩაისა და გურული ღვინის მუზეუმები, ღვინის ტურისტული პროექტები;
- სოფლის მეურნეობა და აგრობიზნესი: სათბურები, მეღვინეობა, მოცვის, მარწყვის, ყვავილებისა და ჩირის წარმოება;
- განათლება და ინოვაცია: STEM-ლაბორატორიები, სკოლის ლაბორატორიები;
- ეკოტურიზმი და გარემოს დაცვა: მზის ენერგიაზე მომუშავე საწარმოები, ეკოლოგიური ინიციატივები;
- სოციალური და კულტურული პროექტები: სათამაშოების წარმოება, ისტორიული მარნების აღდგენა, სამზარეულოსა და სარესტორნო სივრცეების მოწყობა.
დაფინანსებული პროექტები 2024 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს და საგრძნობი დადებითი გავლენა აქვს როგორც ინდივიდუალურ ბენეფიციარებზე, ისე მთლიანად რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
ჩვენი სტატიების სერიაში უფრო ახლოს გაგაცნობთ თითოეული მიმართულების ბენეფიციარებს და წარმოგიდგენთ რეალურ შედეგებს „მწვანე გურიაში“.
პროექტის შესახებ
პროექტი „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ საქართველოს რეგიონში, კერძოდ, გურიის სამ მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2023 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები. პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.
ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და, შესაძლოა, ის არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.