როგორ ვაქციოთ აგრო-ნარჩენები ღირებულ რესურსად და როგორ შევინარჩუნოთ ბუნებრივი ბალანსი? სწორედ ამ კითხვებს უპასუხა 31 აგვისტოს, კახეთში გამართულმა ინტერრეგიონულმა შეხვედრამ და სასწავლო ვიზიტმა, რომელიც ცირკულარულ პრაქტიკებსა და რეგენერაციულ სოფლის მეურნეობას დაეთმო.
ღონისძიება საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და „აჭარა ჯგუფთან“ პარტნიორობით მოეწყო, რომლებიც ამავდროულად ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის ინტერრეგიონული პლატფორმის წევრებიც არიან. სასწავლო ვიზიტს პლატფორმის 20-მდე წევრი დაესწრო. ვიზიტის პირველი ნაწილი დაეთმო საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ სოფელ უდაბნოში მოწყობილ 6-ჰექტარიან ინოვაციურ სადემონსტრაციო სივრცე „მწვანე კონტეინერს“. ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც აგრარული ინოვაციების, განათლებისა და თანამშრომლობის გარშემო აერთიანებს ფერმერებს, პროფესიონალებს, მკვლევრებს, აგრობიზნესებსა და სტუდენტებს. სივრცე აკავშირებს ტრადიციულ და თანამედროვე სოფლის მეურნეობას, უზრუნველყოფს ინოვაციური ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოცდასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. მონაწილეები პრაქტიკულად გაეცნენ ცირკულარულ მიდგომებს სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში, რაც ხელს უწყობს რესურსების ეფექტიანად გამოყენებას და დაზოგვას. კერძოდ, გაეცნენ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან მაღალი ღირებულების პროდუქტების შექმნის პროცესს, ვენახების, ხილის, ბოსტნეულისა და სპეციფიკური კულტურების მოყვანის თანამედროვე მეთოდებს, ნიადაგის მართვისა და მცენარეთა კვების ინტეგრირებულ სისტემებს, ასევე წყლის ეფექტიანი მართვის ტექნოლოგიებს, როგორიცაა წვეთოვანი მორწყვა და ფერტიგაცია.
დღის მეორე ნახევარში მონაწილეებმა დაათვალიერეს კომპანია „უდაბნოს“ ათასობით ჰექტარზე გაშენებული ნუშის რეგენერაციული ბაღები. მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ცირკულარული ეკონომიკის, კომპოსტირებისა და რესურსების ეფექტიანი მართვის მოდელებს. კომპანია ეფუძნება თანამედროვე ეკოსისტემურ მოდელს, სადაც მინიმალური ადამიანური ჩარევა, ღია საძოვრებზე გაშვებული შინაური ცხოველები და მეფუტკრეობა ბუნებრივ ბალანსს ინარჩუნებს. წარმოების პროცესში წარმოქმნილი საკვები და მწვანე ნარჩენები გადადის კომპოსტირების სივრცეში და გარდაიქმნება ნიადაგის განაყოფიერებისთვის საჭირო ორგანულ სასუქად, ხოლო წყლის რესურსების მაქსიმალური დაზოგვა წვეთოვანი ირიგაციითა და სპეციალიზებული აგროტექნიკით ხორციელდება. აგრეთვე, კომპანიას მოწყობილი აქვს სათბური ხილ-ბოსტნეულის მოსაყვანად.
სასწავლო ტური გაიმართა CENN-ის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება CENN-ის მიერ, საერთაშორისო ორგანიზაცია ICLEI Europe-თან თანამშრომლობით.
პროექტისა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ცირკულარული ეკონომიკის ცოდნის ჰაბს: https://circulareconomy.ge/ka/







