CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერითა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან თანამშრომლობით გურიაში დედამიწის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა.
დედამიწის დღის აღნიშვნა ოზურგეთში, ღონისძიებების სივრცეში „რვას + 1“, კლიმატგონივრული გადაწყვეტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრით დაიწყო და დაბა ლაითურში, ქარსაცავი ზოლის მონახულებით დასრულდა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს CENN-ისა და მუნიციპალიტეტეის წარმომადგენლებმა.
დედამიწის დღეს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები, კლიმატის სამოქმედო ჯგუფის წევრები, აქტიური ახალგაზრდები და მუნიციპალიტეტისა და გუბერნიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დედამიწის დღე ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანი მთელი მსოფლიოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი მიზნების ქვეშ გაერთიანებაა. დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს ჩატარდა და დღეს ღონისძიებების ფართო სპექტრს მოიცავს, რომლებსაც 1 მილიარდი ადამიანი 193-ზე მეტ ქვეყანაში უერთდება. 2023 წლის დედამიწის დღის თემაა „ინვესტიცია ჩვენს პლანეტაში“ და ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე და მთავრობებს, მოქალაქეებსა და ბიზნესს მოუწოდებს, აიღონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ამ უდიდესი საფრთხის წინაშე.
ფოტო:სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული CENN-ის მიმდინარე პროექტების (1) მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის, და (2) საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP) მხარდაჭერით.