პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“, რომელსაც CENN ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა, წარმატებით დასრულდა.
პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისში“ გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირის დელეგაციის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროექტის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ის ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთ თემებში მნიშვნელოვანი პროგრამები განახორციელეს.
ღონისძიება გახსნა პროექტის მენეჯერმა, ნინო თევზაძემ. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.
„პროექტმა „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ოთხი წლის განმავლობაში ხელი შეუწყო სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რვა მუნიციპალიტეტში. პროექტმა გააძლიერა ადგილობრივი ორგანიზაციები და მხარი დაუჭირა მოწყვლად ჯგუფებს სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.
დღეს გვექნება შესაძლებლობა უფრო ვრცლად მოვისმინოთ ამ შედეგების შესახებ. თუმცა მინდა გამოვყო კამპანიები სამოქალაქო ჩართულობისა და სოციალური სერვისების შესახებ, რომლებმაც 4,700 ადამიანამდე მიაღწია. ასობით ოჯახმა, მასწავლებელმა, მზრუნველმა და ახალგაზრდამ პირდაპირი, ხოლო ათასობით სხვა ადამიანმა ირიბი სარგებელი მიიღო ამ პროექტით. ამ რიცხვების უკან კი დგას რეალური სახეები, ისტორიები და განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
მადლობა ამისთვის პროექტში ჩართულ ყველა ინდივიდსა თუ ორგანიზაციას. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების თავდადების გარეშე. მადლობა თქვენი მონდომებისთვის, კრეატიულობისთვის და ასევე იმის დემონსტრირებისათვის, რომ რეალური ცვლილებები იწყება ადგილობრივ დონეზე და იმ ადამიანებით, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ თემებზე.
მსურს მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოში ევროკავშირი უკან არ იხევს. ამ ძალიან რთული პოლიტიკური მომენტის მიუხედავად, ჩვენ კვლავ ერთგულები ვრჩებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თემების და ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერის, ვინც ყოველდღიურად მუშაობს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება”,- ნიკოლას სენდროვიჩი.
მისასალმებელი სიტყვით მიმართა აუდიტორიას ლოღან ჯ. ე. ნიკოლმაც, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
„მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“, დასკვნით ღონისძიებაზე.
დღევანდელი ღონისძიების მიზანია პროექტის ძირითადი შედეგების წარდგენა, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში მიღწეულია პარტნიორებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია მონაწილეობითი და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომების წყალობით. შემუშავდა ახალი სოციალური სერვისები, რომლებიც არა მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს აკმაყოფილებს, არამედ მათ განვითარებასაც უწყობს ხელს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ორგანიზაციას, მათ შორის, განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციებს – CTC-ს, „ქვემო ქართლის მედიასა“ და „პირველ ევროპელს“. ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა გზით შეიტანა წვლილი პროექტში. და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობისთვის“, – ლოღან ჯ. ე. ნიკოლი.
პროექტისა და მისი შედეგების წარდგენის შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა თემატური პანელებით, რომელთა მონაწილეები იყვნენ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები და ახალგაზრდული ინიციატივების ავტორები.
პირველი პანელი დაეთმო იმ წარმატებულ პროექტებს, რომელთა ფარგლებში სამიზნე რეგიონებში მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას შეეწყო ხელი – დღის ცენტრები ხანდაზმულებისთვისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ბაღის პერსონალის გადამზადება აუტიზმის ადრეული ნიშნების ამოცნობის მიზნით; ქალების, ასევე მარტოხელა და შშმ ბავშვების მშობლების სოციო-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა. პანელზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პროექტების მიზნებსა და შედეგებზე, მათ შორის, შედეგების მდგრადობაზე. ყურადღება დაეთმო პროექტის განხორცილებისას წამოჭრილ გამოწვევებსაც.
მეორე პანელი დაეთმო ახალგაზრდულ ინიციატივებს, რომლებმაც თავიანთ თემებში სხვადასხვა მიმართულებით შეიტანეს პოზიტიური ცვლილებები. მხარდაჭერილი პროექტები მოიცავდა გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობით, სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებასა და ახალგაზრდების მხარდაჭერას როგორც სამოქალაქო ჩართულობის, ისე ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობების მიმართულებით. პრეზენტატორებმა ისაუბრეს ინიციატივების მიღწეულ შედეგებზე – მათ თემებში შეტანილი ცვლილებების ხაზგასმით.
ოფიციალური ნაწილი შეაჯამა პროექტის მენეჯერმა, ნინო თევზაძემ, რის შემდეგაც ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი აყალიბებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან, მხარს უჭერს მის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზით, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს.
ევროკავშირი აფინანსებს არაერთ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერასა და სხვადასხვა ჯგუფების, კერძოდ, ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობას. ეს ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია უფრო მეტად ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საქართველოში, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისადმი.
პროექტის შესახებ
პროექტი 4-წლიანი ინტერვენცია იყო ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. CENN აღნიშნულ პროექტს ახორციელებდა პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასა (KKM) და პირველ ევროპელთან (FE) ერთად.
პროექტის შემაჯამებელი კატალოგი იხილეთ ბმულზე.



















