გურია, თავისი ნოყიერი მიწითა და მრავალსაუკუნოვანი მევენახეობა-მეღვინეობითი ტრადიციებით, ღვინის წარმოების ერთ-ერთი განსაკუთრებული კერაა საქართველოში. ეს არის უძველესი მევენახეობის რეგიონი, სადაც ვაზის კულტურას განსაკუთრებული ისტორია აქვს, პროექტი “მწვანე გურია” კი ამ ტრადიციას ახალ სიცოცხლეს სძენს. ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით, ადგილობრივი მარნების გაძლიერება და მათი წარმოების ხარისხობრივი გაუმჯობესება რეგიონის განვითარების მთავარ სტიმულად იქცა.
ანდრო ვაშალომიძის მარანი „გურული ვაზი“, რომელიც ოზურგეთის სოფელ შემოქმედში მდებარეობს, სწორედ ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. პროექტის ფარგლებში მოეწყო სრული ციკლის მარანი და სარდაფი, სადაც ღვინის დაწურვა, დავარგება და ჩამოსხმა უმაღლესი სტანდარტებით ხდება. აქ მოსულ სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ სადეგუსტაციო სივრცეში შეუძლიათ დააგემოვნონ გურული ვაზის უნიკალური ღვინოები და სპეციალური ტურების მეშვეობით გაეცნონ ენდემური ჯიშების ისტორიას.
მსგავსი ტრადიციული ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით გამოირჩევა გელა ცინცაძის საოჯახო მარანი სოფელ გუთურში. გელა ცინცაძე მეექვსე თაობის მეღვინეა, პროექტის მხარდაჭერით კი შეძლო ავთენტური გურული ჯიშების აღდგენა და 12 სახეობის ღვინის წარმოება როგორც ტრადიციული ქართული, ისე ევროპული მეთოდებით. საოჯახო მარანი იქცა სივრცედ, სადაც ძველი ტრადიცია და თანამედროვე მიდგომები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. შედეგად, გელა ცინცაძეს აქვს შესაძლებლობა, გურული ღვინის უნიკალური გემო და ისტორია როგორც ადგილობრივ მომხმარებელს, ისე უცხოელ ტურისტებს გაუზიაროს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში ბესიკ მეფარიშვილის საოჯახო მარანი „მწვანე გურიის“ პროექტის დახმარებით, ჰასპის (HACCP) სტანდარტების შესაბამისად სრულად განახლდა. ამ ცვლილებებმა წარმოების მოცულობის მკვეთრი ზრდა განაპირობა -2,500 ბოთლიდან 6,500-მდე. მეფარიშვილის მარანი არა მხოლოდ ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი, არამედ ტურისტული კერაც გახდა, რაც რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
სოფელ იანეულში საბა კალანდაძის მარნის 25-წლიანი გამოცდილება წარმოების ახალ ეტაპზე გადავიდა. პროექტის ფარგლებში საბა კალანდაძემ მოაწყო თანამედროვე საოჯახო მარანი და შეიძინა ღვინის წარმოებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი, რამაც ბიო ღვინის წარმოების საშუალება მისცა. მარანში უნიკალური გურულ-იმერული ვაზის 12 ჯიშისგან ყოველწლიურად 2,500-3,000 ბოთლამდე უმაღლესი ხარისხის ბიო ღვინო მზადდება. ეს წამოწყება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატებისთვის, არამედ იშვიათი ვაზის ჯიშების შენარჩუნებისთვისაც.
ცქრიალა ღვინოების წარმოება, განსაკუთრებით ადგილობრივი ჯიშებიდან – ჩხავერი და ცოლიკაური – საუკუნოვანი ტრადიციის მიუხედავად, ბოლო დროს ნაკლებად არის გავრცელებული საოჯახო მარნებში. სწორედ ეს მივიწყებული კულტურა გააცოცხლა გია კობიძემ სოფელ ერკეთში. „მწვანე გურიის“ მხარდაჭერით, მარანი სრულად გარემონტდა, დაინერგა ჰასპის სტანდარტი და დაიწყო ისეთი სახეობების წარმოება, როგორიცაა ჩხავერი, ჯანი და სხილათუბანი. ეს პროდუქცია დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ეკოტურიზმისა და ბიო-წარმოების სიმბოლოდ იქცა ვიტალი კილასონიას მარანი „რტო“ სოფელ ჯვარცხმაში. აქ 1975 წლიდან დაწყებული ოჯახური ტრადიცია დღეს თანამედროვე სადეგუსტაციო სივრცითა და ტურისტული ინფრასტრუქტურითაა წარმოდგენილი, სადაც მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. მარანი „რტო“ ერთდროულად 30-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება.
სოფელ გორაბერეჟოულში „მწვანე გურიის“ მხარდაჭერით მავრა ცერცვაძემ თავის 100 წლის ისტორიის მარანს „არმუნჯს“ ახალი სიცოცხლე აჩუქა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მარნის სრული რესტავრაცია, რის შედეგადაც შეიქმნა ავთენტური სივრცე ღვინის დეგუსტაციისთვის. „არმუნჯი“ ვიზიტორებს ღვინოსთან ერთად კულინარიულ და ხალხური რეწვის მასტერკლასებსაც სთავაზობს, რითაც მივიწყებულ ტრადიციებს აცოცხლებს.
მცირე ფერმერების გაძლიერებას ემსახურება კუკური კიღურაძის „გურული ღვინის მზიანი მარანი“ სოფელ მზიანში. პროექტის ფარგლებში მოწყობილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა ფერმერებს ბაზარზე შესვლასა და ვენახის მოვლის პროცესების გამარტივებაში ეხმარება. ტექნოლოგიური გაუმჯობესების შედეგად, ვენახის მოვლის ძალისხმევა 50%-ით შემცირდა, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე.
ოზურგეთში მდებარე თათია გოგიბერიძის მარანისთვის ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერა გარდამტეხი აღმოჩნდა. პროექტის ფარგლებში მარანმა შეიძინა თანამედროვე დანადგარები და მოაწყო ღვინის ლაბორატორია. შედეგად, მარანმა წარმოება გააორმაგა და 5,000 ბოთლამდე გაზარდა. თანამედროვე ლაბორატორიისა და ახალი დანადგარების დახმარებით, მარნის ჩხავერმა IWSC-ის პრესტიჟულ კონკურსზე ოქროს მედალიც კი დაიმსახურა.
ევროკავშირისა და CENN-ის მიერ დაფინანსებული ეს პროექტები, რომლებიც გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს, ადასტურებს, რომ სწორი ინვესტიციითა და ტრადიციების პატივისცემით, გურია კვლავ ხდება უნიკალური ღვინისა და მაღალი ხარისხის წარმოების ცენტრი.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.















